Loading

საკანონმდებლო მოთხოვნები


საქართველოს კანონი ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ („თამაშობების შესახებ კანონი“) არის ძირითადი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ადგენს საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების, აგრეთვე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების სამართლებრივ საფუძვლებს.

„თამაშობების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და გამოქვეყნებულია (02.07.2020) საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე.

„თამაშობების შესახებ კანონის“ მოთხოვნების შესაბამისად, ახალი ცვლილებების ეფექტური დანერგვისათვისა და აღსრულებისთვის, დამატებით საქართველოს მთავრობამ და ფინანსთა მინისტრმა მიიღეს კანონქვემდებარე აქტებიც.
 
აღნიშნული ცვლილებების ზოგად მიმოხილვაში ნახსენებია ის ძირითადი ცვლილებები, რომელთა შესრულებასაც/გათვალისწინებასაც თამაშის ორგანიზატორებისა („ორგანიზატორი“)  და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლებისთვის („მიმწოდებელი“) სავალდებულო ხასიათი გააჩნია.
 
I. საკანონმდებლო ცვლილებებით გამოწვეული განსაზღვრებები
 
„თამაშობების შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებებით ჩნდება ამ კანონში მოცემული ტერმინების ახალი ან/და მოდიფიცირებული განმარტებები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ შემდეგი:
 
- შერჩეული პირი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −შემოსავლების სამსახურის (შემდგომ −შემოსავლების სამსახური) მიერ სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ოპერირების მიზნით შერჩეული პირი;
- აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება − „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე თამაშობის ორგანიზატორისთვის ან/და საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ პირისთვის არსებითი პროდუქციის/მომსახურების პირდაპირი ფორმით ან/და არაპირდაპირი ფორმით მიწოდება, რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რაც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე;
- აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი − პირი, რომელიც ახორციელებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდებას;
- არსებითი პროდუქცია/მომსახურება − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ისეთი პროდუქცია ან/და მომსახურება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებს (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებს), შემთხვევითი რიცხვების გენერირების პლატფორმას (RNG), ჯეკპოტის პლატფორმას, სათამაშო პლატფორმას (მათ შორის, სერვერს/სერვერებს, რომელზედაც/რომლებზედაც უშუალოდ ხდება თამაშის შედეგის გამოვლენა), მოთამაშეთა ბაზას, ფინანსურ ბაზას/სისტემას, მენეჯმენტის სისტემას, სათამაშო აპარატებს ან/და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პროდუქციას ან/და მომსახურებას და რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ან/და რომელიც გავლენას ახდენს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შედეგებზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მონაწილეობით ან/და მისი მონაწილეობის გარეშე;
- კონტროლის ელექტრონული სისტემა − შერჩეული პირის მეშვეობით, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დანერგილი სისტემა, რომლის მიზანია ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
- მენეჯმენტის სისტემა − თამაშობის ორგანიზატორისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის შიდა მართვის ან/და კონტროლის სისტემა;
- ავტორიზაციის სერტიფიკატი − შერჩეული პირის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის, აგრეთვე ზოგიერთი არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობას.
 
II. „თამაშობების შესახებ კანონის“ ძირითადი მოთხოვნები ოპერატორებისა და მიმწოდებლებისთვის

„თამაშობების შესახებ კანონი“ ადგენს გარკვეულ ვალდებულებებს, რომელთაც უნდა დაექვემდებარონ ოპერატორები და მიმწოდებლები. ხსენებული ცვლილებები განსაზღვრავს ახალი სათამაშო წესდებისა და საქართველოს მთავრობის ამ ბიზნეს სექტორის მიმართ მიდგომის ქვაკუთხედს.
 
ნებართვის პირობებთან შესაბამისობის მონიტორინგისათვის, შემოსავლების სამსახურმა შემოიღო „კონტროლის სისტემა“, რომელიც შერჩეული პირის (საქართველოს მთავრობის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურების შესასრულებლად შერჩეულ იქნა „რენდომ სისტემს ინტერნეიშენალი” (Random Systems International)) მეშვეობით უნდა იქნას დანერგილი და ოპერირებული. ამ საქმიანობას უშუალოდ ახორციელებს მისი შვილობილი კომპანია, შპს„რენდომ სისტემს ჯორჯია“ (Random Systems Georgia).
 
 „თამაშობების შესახებ კანონის“ მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა გაიცემა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტზე.
 
შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობისა ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდებისათვის ნებართვის ყველა მაძიებელი ვალდებულია, დარეგისტრირდეს სათანადო წესით და მიიღოს შესაბამისი ნებართვა.  
 
გარდა ამისა, მიმწოდებელმა ან/და ოპერატორმა შერჩეული პირისგან უნდა მიიღოს გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი. აღნიშნული პროცესის შესასრულებლად, შერჩეულ პირს აქვს უფლება მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც საჭიროდ მიიჩნევა აუდიტისა და სერტიფიკაციის პროცესისათვის.
 
დამატებით, თუ თამაში ან/და საჭირო პროდუქტი/მომსახურება მნიშვნელოვნად შეიცვლება, მიმწოდებელი ვალდებულია, ამის შესახებ შეატყობინოს შერჩეულ პირს, რათა მიიღოს თანხმობა და წარმოადგინოს შემოსავლების სამსახურში ავტორიზაციის სერტიფიკატი. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ მიიღებს შერჩეული პირის ან შემოსავლების სამსახურის თანხმობას, ნებართვის მფლობელს უნდა აეკრძალოს შეცვლილი თამაშის ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიწოდება.
 
შერჩეული პირისგან მომსახურების მისაღებად, ოპერატორები და მომწოდებლები ვალდებულნი არიან დადონ ხელშეკრულება შერჩეულ პირთან და დროულად გადაიხადონ მომსახურების საფასური.
 
ასევე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია თამაშობის ორგანიზატორს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელს დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები/ვალდებულებები კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით. თამაშობის ორგანიზატორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის მიერ აღნიშნული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.
 
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე დოკუმენტი არ არის „თამაშობების შესახებ კანონის“ ოფიციალური თარგმანი ან/და შერჩეული პირის მიერ წინასწარ გამოხატული ოფიციალური პოზიცია და გამოყენებულია მხოლოდ იმისათვის, რომ გადმოსცეს ამოქმედებული ცვლილებების ზოგადი არსი. გირჩევთ, უფრო დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდეთ ადგილობრივ მრჩეველს.