საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ B2B/B2C-ისთვის ნებართვის გაცემა
1. „თამაშობების შესახებ კანონის“ მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა გაიცემა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტზე (ამოქმედებულია 2021 წლის 1 იანვრიდან).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომგებიანი თამაშების/ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის საქმიანობის ნებართვასთან ერთად, როგორც ეს ქვემოთაა აღნიშნული.
2. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის უფლება აქვს მხოლოდ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელს ამ ნებართვით.
3. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სამორინეს ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირზე.
4. ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს გარკვეული რაოდენობის დოკუმენტები, მათ შორის, შერჩეული პირის მიერ გაცემული ავტორიზაციის სერტიფიკატი.
5. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, რომ ნებართვის მაძიებლის მიერ განაცხადის შეტანიდან 20 დღეში გასცეს გადაწყვეტილება. თუ შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილებას არ მიიღებს ამ დროში, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება.
თამაშის მიმწოდებლის (Game Service Provider (GSP) (B2B ნებართვა)) ნებართვის მისაღებად საჭირო სანებართვო პირობები განსაზღვრულია საქართველოს კანონით „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა („თამაშობების შესახებ კანონი“)“ და საქართველოს კანონით „ლიცენზიები და ნებართვები“ („ნებართვების კანონი“).
1. განცხადება შემოსავლების სამსახურის სახელზე;
2. დამოწმებული ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურიდან იურიდიული პირისათვის;
3. სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (100 000 ლარი 1 წელიწადი ნებართვისათვის);
4. თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები;
5. ავტორიზაციის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მისაწოდებელი თამაშის ან/და პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობას;
6. ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე;
7. სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება;
8. ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს.
B2C-ისა და B2B-ისთვის საქართველოს შემოსავლების სამსახურისგან ნებართვის მიღების ერთ-ერთი სანებართვო პირობაა შერჩეული პირის მიერ გაცემული ავტორიზაციის სერტიფიკატის წარდგენა.
ავტორიზაციის სერტიფიკატი
პროცესის მიმოხილვა
რეგისტრაცია და პირველადი ინფორმაციის მიწოდება
1. განმცხადებელი შერჩეულ პირს მიმართავს ამ ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული განაცხადით.
2. ავტორიზაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში შერჩეული პირი შეისწავლის წარდგენილ განაცხადსა და მასზე თანდართულ დოკუმენტებს/ინფორმაციას და ადგენს განაცხადში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობას არსებულ სტანდარტებთან/ მოთოხვნებთან.
o თუკი მოთხოვნა დამტკიცებულია, პროცესი გრძელდება;
o თუკი მოთხოვნა უარყოფილია, შერჩეული პირი უფლებამოსილია, განმცხადებელს განუსაზღვროს გონივრული ვადა ინფორმაციის დაზუსტების/ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნით.
შერჩეულ პირთან მომსახურების შეთანხმების შედეგები
3. თუ მოთხოვნა დამტკიცებულია, განმცხადებელსა და შერჩეულ პირს შორის ფორმდება მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, მომსახურების საფასურის გადახდის ვადა და მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობა,რომელიც დგინდება „შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივლისის №455 დადგენილების (შემდგომში – დადგენილება) მე-4 მუხლით დადგენილი ოდენობის ფარგლებში.
4. მესამე პუნქტის პარალელურად ან განმცხადებელსა და შერჩეულ პირს შორის მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შერჩეული პირი უფლებამოსილია, გასცეს ერთჯერადი მოსაკრებლ(ებ)ის ინვოისი.
პირველადი კვლევა
5. საწყისი ტექნიკური აუდიტის ერთჯერადი საფასურის გადახდის შემდეგ, შერჩეული პირი ვალდებულია, დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული საფასურის გადახდიდან არაუგვიანეს 20 დღისა დაიწყოს პირველადი კვლევის პროცედურები და აცნობოს განმცხადებელს მისი დაწყების და დასრულების თარიღი, რომელიც განისაზღვრება შემდეგნაირად:
o სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშები - არა უმეტეს 45 დღისა;
o სათამაშო აპარატების სალონ(ებ)ი - არა უმეტეს 30 დღისა;
o ტოტალიზატორ(ებ)ი - არა უმეტეს 15 დღისა;
o არსებითი პროდუქცია/მომსახურება - არა უმეტეს 15 დღისა.
საჭიროების შემთხვევაში, ამა თუ იმ ტექნიკური თუ სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც პირველადი კვლევისთვის საჭიროა დამატებითი ვადა, შერჩეული პირი, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადები გაზარდოს ერთჯერადად, არაუმეტეს იმავე პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი ვადების ფარგლებში, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება განმცხადებელს.
6. პირველადი კვლევის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო 7 დღის განმავლობაში განმცხადებელს ეგზავნება კვლევის შედეგი, რომელშიც მითითებულია, რამდენად აკმაყოფილებს მის მიერ წარმოდგენილი განაცხადი ამ წესისა და ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებს/სტანდარტებს.
o თუ პირველადი კვლევის შედეგი დადებითია, შერჩეული პირი იწყებს განმცხადებლის სისტემასთან ინტეგრაციის პროცედურებს.
o თუ პირველადი აუდიტის კვლევები უარყოფითია:
§ შერჩეული პირი განმცხადებელს განუსაზღვრავს ხარვეზის აღმოფხვრისთვის საჭირო გონივრულ ვადას. თუ განმცხადებელი ამ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, ავტორიზაციის პროცესი შეწყვეტილად ჩაითვლება. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი გამოასწორებს ხარვეზს, შერჩეული პირი დაადასტურებს ხარვეზის გამოსწორებას და არ გამოვლინდება სხვა ხარვეზი, შერჩეული პირი იწყებს განმცხადებლის სისტემასთან ინტეგრაციის პროცედურებს.
§ თუ პირველადი კვლევით დასტურდება, რომ განმცხადებლის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობები, აგრეთვე ზოგიერთი არსებითი პროდუქცია/მომსახურება არსებითად არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს/მოთხოვნებს, რისი გამოსწორებაც მიმდინარე ავტორიზაციის პროცესში შეუძლებელია, ავტორიზაციის პროცესი დასრულებულ იქნება.
[ნებაყოფლობითი] წინასწარი დამტკიცების სერტიფიკატის გაცემა
თუ პირველადი კვლევა დაადასტურებს არსებულ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან არსებითი შეუსაბამობის, რისი გამოსწორებაც მიმდინარე ავტორიზაციის პროცესში შეუძლებელია, არარსებობას, შერჩეულ პირს შეუძლია თავისი გადაწყვეტილებით გასცეს ხარვეზების გამოსასწორებული 3 თვემდე ვადისთვის წინასწარი დამტკიცების სერტიფიკატი.
სისტემასთან ინტეგრაცია
7. მას შემდეგ, რაც გადახდილია მოწყობილობის დაყენების/ინსტალაციის ერთჯერადი საფასური, შერჩეული პირი იწყებს ინტეგრაციის პროცესს.
თარიღები განისაზღვრება შემდეგნაირად:
o სისტემურ-ელექტორნული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშები - არა უმეტეს 30 დღისა;
o სათამაშო აპარატების სალონ(ებ)ი - არა უმეტეს 90 დღისა;
o ტოტალიზატორ(ებ)ი - არა უმეტეს 10 დღისა;
o არსებითი პროდუქცია/მომსახურება - არა უმეტეს 45 დღისა.
საჭიროების შემთხვევაში, შერჩეული პირის დასაბუთებული მოთხოვნით, როდესაც სისტემის ინტეგრაციის პროცესისთვის საჭიროა დამატებითი ვადა, შერჩეული პირი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადები გაზარდოს ერთჯერადად, არაუმეტეს 30 დღით, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება განმცხადებელს.
ინტეგრაციის პროცესის შედეგად, განმცხადებელი უფლებამოსილი ხდება შერჩეული პირისათვის XML რეპორტების გაგზავნისა.
ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემა
8. სისტემის ინტეგრაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შერჩეული პირი გასცემს ავტორიზაციის სერტიფიკატს.
* * *
ზემოთ მოცემული ინფორმაცია მიესადაგება ნებართვისა და სერტიფიკაციების პირობებს და შესაძლოა ჰქონდეს არაამომწურავი ხასიათი სპეციფიკური ტიპის საქმიანობისთვის საქართველოს კანონებით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით.
მოცემული ინფორმაციის სიზუსტეზე არ ვიძლევით არანაირ გარანტიას.
გთხოვთ, უფრო დეტალური ინფორმაციისათვის ნებართვის მოთხოვნის შეტანამდე კონსულტაცია გაიაროთ ადგილობრივ მრჩეველთან.